საქართველოს საგადასახადო კოდექსში გადასახადის გადამხდელების სასარგებლოდ ჯარიმებთან დაკავშირებული ცვლილებები შევიდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50% უქმდება. თუ პირი აქამდე იხდიდა ძირითად გადასახადზე დამატებულ ჯარიმას 50%-ის სახით, ახლა იგი გადაიხდის ჯარიმის თანხის ნახევარს. მხოლოდ, მან უნდა აღიაროს წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად გადაიხადოს დარიცხული გადასახადები და ჯარიმის თანხის ნახევარი.
იცვლება საურავის დარიცხვის ვადა და წესიც. თუკი აქამდე საურავის დარიცხვა მიმდინარეობდა ძირითადი გადასახადის სრულ დაფარვამდე, ახლა მისი დარიცხვა წყდება დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან სამ წელში, მიუხედავად, ძირითადი გადასახადის დაფარვისა.
შემდგომი ცვლილებები ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლს, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევას.
აღსანიშნავია, რომ კანონის ამ მუხლში იყო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც პირს ყოველ დაგვიანებულ ვადაგადაცილებულ თვეზე ერიცხებოდა გადასახდელი თანხის 5%, არაუმეტეს 30%-სა, მაგრამ დასარ
იცხი ჯარიმა არ უნდა ყოფილიყო 50 ლარზე ნაკლები და 200 ლარზე მეტი. კანონში შესული ცვლილებების თანახმად კი, თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გადაცილება არ აღემატება ორ თვეს, იწვევს დაჯარიმებას გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5%-ის ოდენობით. ხოლო, თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გადაცილება ორ თვეზე მეტია, ასეთ შემთხვევაში გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10%-ის ოდენობით.
შემსუბუქდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირების ჯარიმებიც, თუ ადრე შემცირებული გადასახადის თანხის 50%-ით განისაზღვრებოდა ჯარიმის ოდენობა, დღეს დამოკიდებულია გადასახადის შემცირების ოდენობაზე და ჯარიმა განისაზღვრება 10%, 25% ან 50%-ით.