სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს შორის, მცირე ბიზნესის სტატუსი ერთ-ერთია, რომლის მიმართაც კანონმდებლის მიერ მიზანმიმართულად შემუშავდა შედარებით მსუბუქი საგადასახადო ვალდებულებები და ადმინისტრირების გამარტივებული ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახურის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მცირე ბიზნესის საგადასახადო შეღავათები სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სტატუსის და მათგან მომსახურების მიღების თაობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მზარდ ინტერესს განაპირობებს და ასეთი ტენდენციის შენარჩუნება მომავალშიც მოსალოდნელია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში შეღავათიან პირობებს ყოველთვის ახლავს შესაბამისი საგადასახადო რისკები, რაც იწვევს საგადასახადო ორგანოს დაინტერესებას - შეფასდეს ასეთი რისკები, რათა თავიდან იქნას აცილებული შეღავათის არასწორი ინტერპრეტაცია ან/და გამოყენება.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეების, ასევე მათთან ურთიერთობაში მყოფი პირების საქმიანობაში ძირითადად ვლინდება შემდეგი რისკები:
სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს (მცირე მეწარმე) შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის სახის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების მიმართულებით.
ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობა დაქირავებით მუშაობისა და მომსახურების გაწევის შემთხვევებში განსხვავებული საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია სწორად დადგინდეს სამუშაოს შემკვეთსა და შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის სახე. ასეთი ურთიერთობების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების ერთ-ერთ საფუძველს კი შემოსავლების სამსახურისთვის წარმოადგენს მათ ვებ-გვერდზე განთავსებული კითხვარი. აღნიშნულ კითხვარში საგადასახდო ორგანოს ინტერესი გამოხატულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად - სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირი სთავაზობს თუ არა ანალოგიურ მომსახურებას სხვა პირებს საჯარო შეთავაზების გზით, ასრულებდა თუ არა იმავე საქმიანობას - როგორც დაქირავებული პირი, ან მისი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში სამუშაოს შემკვეთისგან ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი ხომ არ შეადგენს წლიური შემოსავლის 85%-ს ან მეტს და სხვა.
ამდენად, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან შრომითი ურთიერთობის დაწყებისას, დამქირავებელმა/კონტრაქტორმა სწორად განსაზღვროს ასეთი ურთიერთობის ფორმა და შინაარსი.
შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის შეღავათიანი პრინციპებით გამოწვეული საგადასახადო რისკები.
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული შეზღუდვებისა და დამატებითი შეღავათების გაანალიზებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები განსხვავდება დღგ-ის გადამხდელი და არგადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმისთვის.
კერძოდ, დღგ-ის არგადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დოკუმენტურად აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებით და ეს მისი შემოსავლების აღრიცხვის ერთადერთი სავალდებულო ფორმაა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის აღრიცხვის ვალდებულება კი წარმოექმნება მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას. აღნიშნულზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღგ-ის არგადამხდელ მცირე მეწარმესთან ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს შესაძლო აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) და არა მათი დანაკლისის გამოვლენის მიზნით.
რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის აღწერის ვალდებულების შესახებ ჩანაწერს, ამით კანონმდებელი მიგვითითებს, რომ ასეთ შემთხვევაში მცირე მეწარმის დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ნაშთების აღრიცხვის სისწორე, რაც თავის მხრივ - შეძენისა და რეალიზაციისას პროდუქციის თვითღირებულებების სწორად განსაზღვრასაც მოიცავს.
ვინაიდან, აღრიცხვის პრინციპებს შორის განსხვავება დამოკიდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან დღგ-ის არგადამხდელ მცირე მეწარმეებთან მიმდინარე კონტროლის პროცედურებს მეტი ყურადღება დაეთმობა, რათა შემცირდეს მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლის დამალვის რისკი.