მსოფლიოში გირავნობის უფლების წაროშობა სამოქალაქო ბრუნვის განვითარების პირველივე ეტაპს უკავშირდება და დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რამდენადაც სამოქალაქო ურთიერთობები პრაქტიკულად წარმოუდგენელია ისტორიული ინსტიტუტის გამოყენების გარეშე. წინამდებარე სტატია შეეხება გირავნობის უფლების მოწესრიგების ძირითად ასპექტებს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.

სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სანივთო უფლებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს გირავნობა. კანონის თანახმად, გირავნობა არის კრედიტის უზრუნველყოფის ისეთი საშუალება, რომლის ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს) ენიჭება უფლება, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა დაგირავებული ქონების რეალიზაციით ან მასზე საკუთრების მოპოვებით, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (სსკ 278-ე მუხლი).

გირავნობის უფლება შეზღუდული სანივთო უფლებაა, რომლითაც მხოლოდ მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები იტვირთება. გირავნობის უფლება ვრცელდება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებსა და ნაყოფზე. აგრეთვე, რეგისტრირებული გირავნობის საგანი შეიძლება იყოს ქონება, რომელსაც დამგირავებელი მომავალში შეიძენს. გირავნობის უფლებით უზრუნველყოფილია, როგორც მთავარი მოთხოვნა, ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნები, როგორიცაა, მაგალითად პროცენტი და პირგასამტეხლო. გირავნობა უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვალდებულებას, რომლის გარეშეც ის ვერ არსებობს. თუ ძირითადი უფლება არ წარმოიშობა გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, გირავნობაც არ ითვლება წარმოშობილად.

გირავნობის ურთიერთობაში მონაწილეობს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ოთხი პირისა. მოგირავნე (კრედიტორი) ყოველთვის უზრუნველყოფილი მოთხოვნის მფლობელია, ხოლო უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალე, ამავდროულად, ჩვეულებრივ, გირავნობის საგნის მესაკუთრე და დამგირავებელია.

გირავნობა უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნას, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ფულადი სახით იყოს წარმოდგენილი, თუმცა აუცილებელია, რომ შესაძლებელი იყოს მისი ფულადი ფორმით გამოხატვა.

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ შემთხვევები, როდესაც დამგირავებელი აგირავებს საკუთარი ვალისათვის სხვის ნივთს და როდესაც ის სხვისი ვალისათვის საკუთარ ნივთს აგირავებს: პირველ შემთხვევაში, ნივთის მესაკუთრე „მესამე პირად“ მოიხსენიება, რადგან ის არ ხდება გირავნობის ხელშეკრულების მხარე; მეორე შემთხვევაში, ნივთის სხვის სასარგებლოდ დამგირავებელი მესაკუთრე გირავნობის ხელშეკრულების მხარეა და არა მესამე პირი, თუმცა დამგირავებლის სტატუსი, მას, ამავდროულად, არ აქცევს მოგირავნის პირად მოვალედ.

კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ორი სახის გირავნობას: მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა. მფლობელობითი გირავნობის დროს მხარეთა შეთანხმებით დაგირავებული მოძრავი ნივთი გადადის კრედიტორის მფლობელობაში, ხოლო რეგისტრირებული გირავნობის დროს საჭიროა მხარეთა წერილობითი შეთანხმება და გირავნობის უფლების რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში (სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან სსიპ - მომსახურების სააგენტო), ამ დროს გირავნობის საგნის გადაცემა მოგირავნის მფლობელობაში სავალდებულო არ არის.

დღევანდელობაში ფარდოდ გავრცელებლია ლომბარდში გირავნობა, რომელიც მფლობელობითი გირავნობის სპეციალურ სახეს წარმოადგენს და მოითხოვს მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებას და ნივთის მოგირავნისათვის მფლობელობაში გადაცემას.

მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის გირავნობის საგნის რეალიზაციით (გაყიდვით) ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის გზით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გირავნობის ინსტიტუტის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ურთიერთობის მომწესრიგებელ კანონისმიერ მოთხოვნებზე. ასევე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ისე შედგეს გირავნობის ხელშეკრულება, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული მხარეთა უფლებები.

 

მომზადებულია Loialte Legal-ის გუნდის მიერ.

შეხვედრის ჩანიშვნა