ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიაში კონკრეტულად არ არის განსაზღვრული დასაქმებულის უფლება-მოვალეობები, ან განსაზღვრულია, თუმცა გარკვეული ხარვეზებით. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში გვხვდება, სადაც ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება ჯერ ისევ პროცესშია და საოპერაციო საქმიანობაც მეტნაკლებად ქაოტურად მიმდინარეობს. ანალოგიურ პრობლემებს იშვიათად, მაგრამ მაინც ვაწყდებით ხოლმე მსხვილ კომპანიებშიც.

აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა პოზიციების პერსპექტივიდან შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ამჯერად მიმოვიხილავთ ბუღალტერიასა და ფინანსურ მართვას/მენეჯმენტს და შესაბამისად ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერის ფუნქციებსა და მოვალეობებს კომპანიაში, ასევე იმ ძირითად ნიშნებს, რომელიც ამ ორ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას და პოზიციას ერთმანეთისგან განასხვავებს.

ბუღალტერია (ფინანსური აღრიცხვა) - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის მიხედვით, ბუღალტერია „არის სუბიექტის საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენის ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა“ - მარტივად, რომ ვთქვათ, ბუღალტერია არის კომპანიაში განხორციელებული ტრანზაქციების შეფასება, თავმოყრა და აღრიცხვა ისეთი ფორმით, რომელიც შემდეგ ანგარიშგების სახით შეიძლება წარედგინოს მენეჯმენტს, კრედიტორებს, კომპანიის მფლობელებს, ინვესტორებს, სახელმწიფო ორგანოებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

ფინანსური მართვა/მენეჯმენტი - ფინანსური მენეჯმენტის მეშვეობით ხორციელდება კომპანიის ფინანსების და სხვა ეკონომიკური რესურსების მართვა/განკარგვა. ფინანსური მენეჯერის უმთავრესი მიზანია საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. ეფექტური ფინანსური მენეჯმენტის მეშვეობით მიიღწევა ორგანიზაციის ძირითადი კომერციული ამოცანები და შესაბამისად, არაეფექტური ფინანსური მენეჯმენტით კომპანია შესაძლოა გაკოტრების საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდეს. ფინანსური მენეჯერის ამოსავალი წერტილია შექმნას სიმდიდრე კომპანიისთვის და ინვესტორებისთვის, უზრუნველყოს ფულადი სახსრების გენერირება, მიიღოს მაქსიმალური მოგება და ეს ყველაფერი გააკეთოს ადეკვატური რისკების აღებისა და ორგანიზაციის რესურსების ოპტიმალურად გამოყენების პირობებში. ფინანსური მენეჯმენტის ძირითადი საოპერაციო პროცესია - ფინანსებთან დაკავშირებული დაგეგმარება, კონტროლი და გადაწყვეტილებების მიღება.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფინანსური მენეჯმენტი ვერ იქნება ეფექტური თუ ორგანიზაციაში არ არსებობს ფინანსური აღრიცხვის გამართული სისტემა, რადგან სწორედ ბუღალტრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს ფინანსური მენეჯერი შესაბამის გადაწყვეტილებებს.

ვეცდები კიდევ უფრო ნათლად დაგანახოთ განსხვავება ბუღალტერიასა და ფინანსურ მენეჯმენტს შორის:

#1 ზოგადი განმარტება

ბუღალტერია - განვლილი ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვა და ანგარიშგება.

ფინანსური მენეჯმენტი - კომპანიის აქტივების და ვალდებულებების მართვა და სამომავლო განვითარების დაგეგმარება.

#2 რატომ არის მნიშვნელოვანი?

ბუღალტერია - გვაძლევს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ფინანსური მენეჯმენტი - გვეხმარება მივიღოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები სამომავლო პროექტების შესახებ და ეფექტიანად ვმართოთ აქტივები.

#3 ვინ არის საბოლოო მომხმარებელი?

ბუღალტერია - მენეჯმენტი, კომპანიის მფლობელები, მარეგულირებელი ორგანოები, ანალიტიკოსები, კრედიტორები და ა.შ.

ფინანსური მენეჯმენტი - კომპანიის მენეჯმენტი და მფლობელები, ანუ პირები, რომლებიც პირდაპირ დაინტერესებულნი არიან კომპანიის ზრდითა და განვითარებით.

#4 ძირითადი მიზნები

ბუღალტერია - ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ანგარიშგება.

ფინანსური მენეჯმენტი - სიმდიდრის შექმნა; ფულის გენერირება; მაღალი უკუგების მიღება; აქტივების ეფექტიანად გამოყენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსხვავება ბუღალტერიასა და ფინანსურ მენეჯმენტს შორის მკაფიო და არსებითია, შესაბამისად კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორად განისაზღვროს თითოეული კადრის და პოზიციის უფლებები და მოვალეობები, რათა სწორი მოლოდინები გააჩნდეს როგორც მენეჯმენტს, ისე თავად თანამშრომელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კომპანიის ფინანსურ აღრიცხვას, ფინანსების მართვას და დაგეგმარებას ეხება.

ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტუალური ხდება ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური მენეჯმენტის აუთსორსინგი - ანუ, აღნიშნული ფუნქციების გადაბარება გარე კომპანიისთვის, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს პროცესების სწორად წარმართვაზე. თუ თქვენც ამ ალტერნატივას აირჩევთ, ჩვენი რჩევაა კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებების ეტაპზევე სწორად განსაზღვროთ ზუსტად რა მომსახურების მიღებაზე თანხმდებით, რათა შემდგომი გართულებები აირიდოთ თავიდან.

 

შეხვედრის ჩანიშვნა