თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვა საგადასახადო შემოწმების შედეგად და საგადასახადო დავების ეტაპების გავლის შემდეგაც არ დაექვემდებარა შემცირებას, უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს მიმართოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლოა გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების ან/და მისი ნაწილის შემცირების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების შედეგად, გადასახადის გადამხდელი გადაიხდის გარკვეული ოდენობის თანხას კონკრეტულ ვადაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩამოეწერება.

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია უარი განაცხადოს საგადასახადო შეთანხმებაზე ან განაცხადი, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, რა ოდენობის თანხა უნდა იქნეს გადახდილი და რა ვადაში. გადასახადის გადამხდელი კი ვალდებულია, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დაფაროს შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააუქმოს /არ გამოიყენოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს უმცირდება საგადასახადო დავალიანება. ხოლო თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილ ვადაში არ შეასრულებს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ( ანუ არ გადაიხდის შეთანხმებით განსაზღვრულ თანხებს შესაბამის ვადებში), საგადასახადო შეთანხმება გაუქმდება და გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა 10%-ის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ გადამხდელს ისევ თავიდან ექნება გადასახდელი ძველი დავალიანების თანხები და ამასთან ერთად, დამატებით კიდევ -  ჯარიმის თანხა, საგადასახადო შეთანხმების დარღვევისათვის.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შეთანხმებულ პერიოდზე გადამხდელის მხრიდან დეკლარაციების დაზუსტება თანხების შემცირების მიზნით ან/და საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმებული პერიოდის გადამოწმება და დამატებითი სანქციების დარიცხვა.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

იხ. ბმული: matsne.gov.ge



შეხვედრის ჩანიშვნა