2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, თქვენ თავად უზრუნველყოფთ საკუთარ თავს პენსიით და იქმნით ღირსეული სიბერისთვის საჭირო პირობებს. კანონი გულისხმობს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თვიდან თვემდე თანხის დაგროვებას და საპენსიო ასაკის მიღწევისას მის ყოველთვიურ გამოყენებას.

ახალმა კანონმა საზოგადოებაში ერთგვარი კითხვები გააჩინა, კერძოდ, ვინ უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში და როგორ ხორციელდება საპენსიო შენატანები, რა სარგებელი გააჩნია მას და სხვა. ბლოგში შევეცდებით პასუხი გავცეთ თქვენთვის საინტერესო კითხევებს და მოგაწოდოთ აუცილებელი ინფორმაცია.

„სავალდებულოა თუ არა პროგრამა ჩემთვის?“ - ეს არის ის, რაც ყველას აინტერესებს.

დიახ, საპენსიო რეფორმის სქემაში ჩართვა სავალდებულოა და თქვენ ავტომატურად ხდებით მისი მონაწილე, თუ ხართ დასაქმებული ქალი და 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით არ მიგიღწევიათ 55 წლისთვის, ან მამაკაცი - 60 წლამდე.  ეს ეხება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის (რეზიდენტ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე) პირებსაც.

არსებობს გამონაკლისები:

თვითდასაქმებულთათვის ნებაყოფლობითია სქემაში ჩართვა. მათ გააჩნიათ პრეროგატივა თავად მიიღონ გადაწყვეტილება, სურთ თუ არა დაგროვებითი პენსიის პროგრმით  სარგებლობა;

ნებაყოფლობითი არჩევანის უფლება ეძლევათ ასევე, დასაქმებულ ქალბატონებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს შესრულდნენ 55 წლის და მეტის და დასაქმებულ მამაკაცებს, რომლებსაც შეუსრულდათ 60 ან მეტი წელი;

აღსანიშნავია, ერთი გარემოებაც, თუ თქვენ ხართ დასაქმებული და 2018 წლის 6 აგვისტოს შეგისრულდათ 40 წელი, ავტომატურად ხდებით პროგრამის მონაწილე, თუმცა შეგიძლიათ უარი თქვათ მასზე.

როგორ?

განცხადებით უნდა მიმართოთ საპენსიო სააგენტოს. აქ კი ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, თქვენი პროგრამაში ჩართვიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ სამი და არაუმეტეს ხუთი თვე. განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, შეტანილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ. სქემაში კვლავ ჩართვის შემთხვევაში კი ვეღარ შეძლებთ მასზე უარის თქმას.

საპენსიო შენატანებს ახორციელებს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.

საპენსიო ანგარიშზე თქვენ რიცხავთ დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს, პარალელურად, სახელმწიფო და დამსაქმებელი გიმატებთ 2-2%-ს. გამოდის, რომ მთლიანი (და არა ხელზე ასაღები) ხელფასის 6% იზოგება. სახელმწიფოს ყოველთვის არ შეაქვს 2%. თუ თქვენი წლიური ანაზღაურება ჯამში 24 000 - დან 60 000 ლარამდე განისაზღვრება, მაშინ იგი მხოლოდ 1%-ს გაძლევთ, 60 000 - ის შემთხვევაში კი თქვენ ვერ იღებთ სახელმწიფოსგან დამატებით პროცენტს. თვითდასაქმებულის შემთხვევაში, იგი დასაქმებულის და დამსაქმებლის 4%-ის შემტანი თავად გამოდის და სახელმწიფო ზემოთხსენებული პრინციპით უმატებს 2, 1 ან 0 % -ს.

არსებული სახელმწიფო პენსია  რჩება და მოქმედებს დაგროვებით საპენსიო სქემის პარალელურად, მისგან დამოუკიდებლად და დამატებით.

პენსიის გამოყენებას თქვენ იწყებთ მაშინ, როდესაც მიაღწევთ საპენსიო ასაკს. ყოველთვიური გასატანი თანხა განისაზღვრება საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხის გაყოფით იმ წლების რაოდენობაზე, რომელიც ტოლია იმდროისთვის სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს გამოკლებული მონაწილის მიმდინარე ასაკი და გაყოფილი 12-ზე.

პენსიის გატანის რამდენიმე გზა არსებობს: პროგრამული გაცემა, სადაზღვეო პროდუქტის შეძენა და ერთჯერადი გაცემის გზა.

ერთჯერადი გზით თანხის მიღება შეუძლიათ ინდივიდებს, იმ შემთხვევაში, თუ გაწევრიანდებიან საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ მონაწილე დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა, თანხა იბეგრება.

რა სარგებლები გააჩნია დაგროვებით საპენსიო სქემას?

მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა წარმოადგენს მონაწილეთა ხელშეუხებელ საკუთრებას. მას იცავს კანონი და არ ექვემდებარება ყადაღას, დავალიანებაში გაქვითვას ან რომელიმე სხვა საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ თანხა ექვემდებარება მემკვიდრეობით გადაცემას.

სქემის უმთავრეს სარგებლად მიიჩნევა, ასევე, საპენსიო აქტივების მნიშვნელობა ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. აღნიშნული განვითარების ბენეფიციარი იქნება ისევ და ისევ საქართველოს თითოეული მოქალაქე და მაცხოვრებელი, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ის დაგროვებით საპენსიო სქემაში.

საინტრესოა, რომ დაგროვებითი პენსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საპენსიო სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული ნაწილია.

შეხვედრის ჩანიშვნა