2018 წლის 1 ივლისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ახალი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდა.
ახალი წესი, პირველ რიგში, შეეხო თავად მცირე ბიზნესის სტატუსს. განისაზღვრა, რომ იგი ენიჭება პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს, 100 000 ლარის ნაცვლად. პირს უნარჩუნდება მცირე მეწარმის სტატუსი ორი წლის განმავლობაში, მაშინაც, თუკი მისი ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 500 000 ლარს.
მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი 3% - ით იბეგრებოდა, ახალი რეჟიმის თანახმად კი მხოლოდ 1%-ით დაიბეგრება, მანამდე, სანამ ერთობლივი შემოსავალი არ გადააჭარბებს 500 000 ლარს.
მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს და დეკლარირებას ახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით.
სტატუსი მიენიჭება, როგორც ფიზიკურ პირს, ასევე, დღგ - ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. თუკი დღგ - ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დაიბეგრება პირის დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის გარეშე.
მცირე ბიზნესის სტატუსის მიუხედავად, მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება და სპეციალური რეჟიმით არ დაიბეგრება შემდეგი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები: ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა, სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები, ჩუქება, უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი, დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი, პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, როიალტის სახით მიღებული შემოსავალი, ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი, პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისთვის პირმა უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.