რას ნიშნავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ)?
ხშირად გვესმის ტერმინები თიზ-ი, თავისუფალი ეკონომოკური ზონა, თავისუფალი ინდისტრიული ზონა და ეს ტერმინები ჩვენში ასოცირდება დაბალ გადასახადებთან და „რაღაც“ შეღავათებთან, თუმცა კონკრეტულად რა შეღავათებზეა საუბარი და ზოგადად რა მიზნით იქმნება მსგავსი ზონები, უმეტეს შემთხვევაში უცნობი რჩება.
წინამდებარე სტატიის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და რა დგას ამ ტერმინის უკან.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს.
თიზ შეიძლება შეიქმნას:
- საქართველოს მთავრობის ინიციტივით;
- ფიზიკური ან იურიდიული პირის - ორგანიზატორის მოთხოვნით, რისთვისაც უნდა წარადგინოს გარანტია, რომლის ოდენობა და პირობები განისაზღვრება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
თიზ-ის შექმნა შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა. მის ტერიტორიაზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი - მოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი.
თიზ-ის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.
თიზ-ში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები, ხოლო ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოსი, ისე უცხოური) თიზ-ში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თიზ-ში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურებების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა. ასევე, აღასანიშნავია, რომ აღნიშნულ ზონაში რეგისტრირებული საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თიზ-ის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.
თიზ-ში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით, კერძოდ:
- მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თიზ-ის საწარმოს მიერ მიღებული მოგება.
- უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.
- თიზ-ში განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.
- თიზ-ში არსებული ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.
- უცხოური საქონლის შეტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.
- თიზ-ში წარმოებული საქონლის თიზ-დან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თიზ-ის გარეთ) გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.
- თიზ-ში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე.
თიზ-ში საქართველოს საქონლის შეტანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი, ხოლო ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
თიზ-დან საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანისას საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია. ამასთანავე, ზონაში წარმოებული საქონლის იმპორტში მოქცევისას საქონელი, მიუხედავად მისი ოდენობისა, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით.
თიზ-ში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა:
- იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა;
- ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;
- ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;
- თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა შეტანა მისი ადგილზე მოხმარებისთვის.
თიზ-ის საწარმოს ეკრძალება:
- საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა:
- თიზ-ის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;
- ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;
- საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა;
- საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.
რაც შეეხება ვალუტას - თიზ-ში, აგრეთვე თიზ-ის საწარმოსა და საქართველოს საწარმოს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერი ვალუტით.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.