მნიშვნელოვანია მზად ვიყოთ საგადასახადო შემოწმებისთვის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა პროცესი მიმდინარეობს იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე ჯარიმდება შემოსავლების სამსახურის მიერ და ის არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხდება თანხების დარიცხვა და გამოიცემა საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს, რომელსაც უფლება აქვს არ დაეთანხმოს საგადასახადო შემოწმების შედეგებს.
საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად. გასაჩივრების ვადის (ჩაბარებიდან 30 დღე) გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად: ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით; თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს; ან თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, ანუ გადაუხდელ თანხებზე ჩვეულებრივ მიმდინარეობს საურავის დარიცხვა და სხვა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
იმისთვის, რომ საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი: საჩივარში უნდა იყოს მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები; საჩივრიდან უნდა ირკვეოდეს მოთხოვნის არსი და მას თან უნდა ერთვოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საჩივრის და თანდართული დოკუმენტების გვერდები უნდა იყოს დანომრილი, იგი უნდა იკითხებოდეს და უნდა იყოს შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე; საჩივარი უნდა იყოს ხელმოწერილი.
დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში. მას უფლება აქვს, მოსთხოვოს მომჩივანს ან საგადასახადო ორგანოს საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა. საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს. საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით.
შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში სასამართლოში.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.