საგადასახადო დეკლარაციაში დაშვებული შეცდომები თუ შეუსაბამობები წარმოშობს
კითხვებს და იწვევს შემოსავლების სამსახურის დაინტერესებას. ცნობილია, რომ
შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის
მეშვეობით, ამუშავებს რისკების კრიტერიუმს და განსაზღვრავს შესამოწმებელ
ობიექტთა გარკვეულ რაოდენობას.

შემოწმების მიზეზი შეიძლება იყოს: წლიდან-წლამდე შემოსავლების მკვეთრი ვარდნა,
საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებში დაფიქსირებული თანხების შეუსაბამობა
დეკლარირებულ შემოსავალთან, გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და
სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული დასაბეგრი ბრუნვების დღგ-ის
დეკლარაციაში არ ასახვა, მარეგისტრირებელ ორგანოში დაფიქსირებული უძრავი
ქონების მესაკუთრის ცვლილებისას შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების
შეუსრულებლობა, საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავ ქონებასა და ქონებით
დასაბეგრ ბაზას შორის შეუსაბამობა. რამდენიმე საგადასახადო ვალდებულებასთან
დაკავშირებული ოპერაციების მხოლოდ ერთი გადასახადით დაბეგვრა და ა.შ.
გარდა აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახური აქტიურად ატარებს მცირე და საშუალო
ბიზნესის საგადასახადო კონტროლის პროცედურებს. მაგალითისთვის, ნაღდი ფულის
მოძრაობის, მარაგების, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების
რეალობის სისწორის შემოწმების მიმართულებით. ასეთ დროს, საწყის ეტაპზე არ
ინიშნება შემოწმება, თუმცა გადასახადის გადამხდელი პირებისგან წერილობით
ითხოვენ დეტალურ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელთა ანალიზის
საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება - რისკების გაქარწყლების ან საგადასახადო
შემოწმების დანიშვნის შესახებ. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს შემოსავლების
სამსახურს უფრო მეტი გადასახადის გადამხდელის შემოწმება მოიცვას.
როდესაც საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი აუდიტის შეტყობინებას ან
შემოწმების დანიშვნის ბრძანებას მიიღებს, ის მაშინვე უნდა დაუკავშირდეს თავის
ბუღალტერს/საგადასახადო კონსულტანტს და მიიღოს კვალიფიციური დახმარება ან
გაუფორმოს მას შესაბამისი მინდობილობა, რაც უფლებას მისცემს
ბუღალტერს/საგადასახადო კონსულტანტს მის გარეშე ეკონტაქტოს შემოსავლების
სამსახურს ან ჩაატაროს შემოწმება. ასეთ დროს კომპანიის ხელმძღვანელი პირები არ
არიან ვალდებულნი გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურში, რაც თავის მხრივ,
დროის ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
შემოსავლების სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, შემოწმებას გადასახადის
გადამხდელთან გასაუბრებით იწყებს. უმჯობესია, პირველადი გასაუბრება
საგადასახადო კონსულტანტის თანამონაწილეობით აწარმოოთ, რათა თავიდან
აიცილოთ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია და შემდგომი გაუგებრობა.

თუკი რომელიმე საკითხზე საგადასახადო ორგანოს მხრიდან ისეთი გადაწყვეტილება
მიიღება, რომელსაც გადასახადის გადამხდელები სადავოდ მიიჩნევენ, ამის შესახებ
აუცილებლად უნდა განაცხადონ და, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე
პროფესიონალის დახმარებით, გადაწყვეტილების გაცნობიდან (ჩაბარებიდან) 30 დღის
ვადაში, დააფიქსირონ სადავო საკითხზე საკუთარი პოზიცია დავის განმხილველ
ორგანოში საჩივრის წარდგენის გზით და მიიღონ მონაწილეობა საჩივრის განხილვის
პროცესში.

შეხვედრის ჩანიშვნა