საგადასახადო შემოწმება არის საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის ფინანსური დოკუმენტების შესწავლა, იმისათვის, რომ გადასახადების გადახდის სისწორე დადასტურდეს.

საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე და ხანდაზმულობის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს სრულ შესამოწმებელ პერიოდს ან კონკრეტულ საკითხს, მაგალითად: დამატებული ღირებულების გადასახადის რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრას, გამოწერილი ან/და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორეს, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების გამოქვითვის სისწორეს და ა.შ.

კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.

კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებას ვადა არ აქვს.

გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე RS-ზე გაგზავნით). შეტყობინების მიღების მომენტიდან ორგანიზაციას აღარ აქვს ძველი დეკლარაციების დაზუსტების უფლება.

შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.

გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც.

გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა  შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის დედანი, რომელიც გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებისთანავე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. დოკუმენტაციის ამოღების შემთხვევაში ფორმდება ამოღების ოქმი.

 

შეხვედრის ჩანიშვნა