საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზღვაო მიმართულებით მომუშავე ქართულ, თუ უცხოურ კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობისთვის კი კომპანიას აუცილებელია მინიჭებული ჰქონდეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი.

სტატიაში გაეცნობით საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ წესებსა და შეღავათიანი დაბეგვრის პრინციპებს. ასევე გაიგებთ, კონკრეტულად რა შეღავათები და შეზღუდვები შეგეხებათ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით საქმიანობის პერიოდში.

როგორ და ვის შეიძლება მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით (წერილობით, ან ელექტრონულად) უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

განცხადების ფორმის დეტალურად სანახავად იხ. ბმული; „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების დანართი №VII​4-01.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს:

ა) საქართველოს საწარმოს, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, იმ საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება, რომელზეც სტატუსის მინიჭების მიზნით, მიმართავს შემოსავლების სამსახურს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს.

საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, ასევე ნებადართული საქმიანობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის №619 დადგენილების „დანართი  №1“-ის და „დანართი №2“-ის შესაბამისად (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული).

ბ) გარდა ზემოაღნიშნულისა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ისეთ საქართველოს საწარმოს, რომელიც არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით საგადასახადო ორგანოს.

გ) ასევე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობა შეუძლია საქართველოს საწარმოს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით.

შეუძლია თუ არა საქართველოს საწარმოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას ისარგებლოს პარტნიორი ფიზიკური პირის 2 წლიანი გამოცდილებით?

- არა, რადგან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეღავათი პარტნიორის 2 წლიან გამოცდილებაზე მხოლოდ საწარმოებზე ვრცელდება.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ საწარმოებში ჩნდება კითხვა, ნებადართული საქმიანობის გარდა სხვა საქმიანობიდან თუ არის შესაძლებელი შემოსავლის მიღება?

- დიახ, შესაძლებელია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს ასევე უფლება აქვს,  მიიღოს მხოლოდ ნებადართული საქმიანობის თანმდევი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ, ამ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.

საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დეტალურად სანახავად იხ. ბმული

რა შეღავათებით სარგებლობს საერთაშორისო კომპანია?

  •  საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
  • საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
  •  საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება, თუმცა ნაცვლად 15%-ისა კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ს შეადგენს.
  • საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით.
  • საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, შეიმციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით.

რომელი ხარჯით არის შესაძლებელი დასაბეგრი მოგების შემცირება?

- საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯით

- საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯებით.

რა შეზღუდვები აქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საქართველოს საწარმოს?

- საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს საქართველოს რეზიდენტ საწარმოს.

- საწარმო, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში.

- საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

- ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან.

- თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს, ასეთ შემთხვევაში, უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსით და აღნიშნულ დაბეგვრის რეჟიმთან დაკავშირებული შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად ეწვიეთბმულს

 

 

 

შეხვედრის ჩანიშვნა