არსებობს ასევე გადაუდებელი  გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით, თუ:

ა) ბოლო საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები;

ბ) არსებობს სანდო ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის პირის ფინანსური და მატერიალური საშუალებების წარმოშობას;

გ) არსებობს სანდო ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ;

დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალურობა;

ე)  წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები;

ვ) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ.  ამასთანავე, თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს აქვს წინაპირობა, რომ საგადასახადო ორგანოს ინფორმაციით პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, კერძოდ, მითითებული წინაპირობით გათვალისწინებულ აქტივებზე იმავე აქტივების ღირებულების ფარგლებში გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება.

თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ შეუსაბამოს გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას ამ დავალიანების ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად), იმ აქტივის/აქტივის ნაწილის მითითებით, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად.

თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.

შეხვედრის ჩანიშვნა