წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობა სამოქალაქო სამართლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც აწესრიგებს დელიქტური ვალდებულებანი.
ყოველდღიურობაში ვაწყდებით, მსგავსი სახის პრობლემას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში არამედ, მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის "დელიქტური ვალდებულებანის" მეორე თავი შეეხება პასუხისმგებლობას უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, შესაბამისად სწორედ ამ თავის მუხლებით, მეცნიერთა ნაშრომებითა და საერთაშორისო პრაქტიკით შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომში მომხმარებელს მივცეთ საშუალება, რომ გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული დაცვის მექანიზმები.
იმისთვის, რომ ვრცლად ვისაუბროთ წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანის პასუხისმგებლობაზე, უმნიშვნელოვანესია გავიგოთ თუ რა არის პროდუქტი. სამოქალაქო კოდექსის 1011-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად - ,,პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.’’
პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან. უსაფრთხოდ ისეთი პროდუქტი მიიჩნევა , რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისიანობის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. პროდუქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ უხარისხოდ, თუ მოგვიანებით უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში გაშვებული. შესაბამისად პროდუქტის ხარისხის შეფასება და მისი უხარისხოდ კვალიფიკაცია დამოკიდებულია მის საიმედოობაზე, იგი არ უნდა შეიცავდეს რისკებს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
წუნდებული პროდუქტით მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის საკითხის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ვინ შეიძლება ჩაითვალოს მის მწარმოებლად და ვის დაეკისრება შემდგომში პასუხისმგებლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელმაც აწარმოა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად მიიჩნევა ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი. მწარმოებლად მიიჩნევა აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, აქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნით, თავისი საქმიანობის სფეროში, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაზარალებულს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს მწარმოებელს ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როდესაც შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში (ას-301-627-07) განმარტავს, რომ მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების, ლიზინგის ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
ვინაიდან ზემოთ უკვე განვმარტეთ თუ რა არის პროდუქტი და ვინ ითვლება მწარმოებლად, აუცილებელია ვისაუბროთ უკვე მწარმოებლის პასუხისმგებლობაზე, მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. აღნიშნულზე დათქმას აკეთებს სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ,, წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან’’, მაგრამ აღნიშნული მუხლი ასევე უთითებს იმ პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებს, რომლის შედეგადაც მწარმოებელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის გამომრიცხველი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები არსებობს: ა) მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ; ბ) საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას; გ) მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში; დ) პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს; ე) შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანისას. პროდუქტის ნაწილის მწარმოებლის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია, თუ ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი. მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა მოქმედებამ. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.
უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავს (ას-301-627-07) - ,,უხარისხო პროდუქტის მწარმოებელზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია სამი პირობის არსებობა: 1. უხარისხო პროდუქტის წარმოება; 2. ზიანის დადგომა და 3. მიზეზობრივი კავშირი უხარისხო პროდუქტის წარმოებასა და დამდგარ ზიანს შორის.’’ შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეს სამი წინაპირობა არსებობდეს არა დამოუკიდებლად, არამედ კუმულატიურად და ქმნიდეს ერთიან უწყვეტ ჯაჭვს. შესაბამისად იმისთვის, რომ მწარმოებელს დაეკისროს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს აღნიშნული 3 წინაპირობის დამტკიცება.
რაც შეეხება მტკიცების ტვირთს სსკ-ს 1012-ე მუხლის თანახმად - წუნდებული პროდუქტით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს. მნიშნელოვანი განვმარტოთ თუ რას გულისხმობს მტკიცების ტვირთი - ამ დროს დაზარალებულმა უნდა ამტკიცოს, რომ სწორედ წუნდებული პროდუქციის გამოყენების შედეგად მიადგა და, მეორე, ეს პროდუქტი მართლაც იყო წუნდებული. ვინაიდან მომხმარებელი თავად არის დაზარალებული, მისთვის მარტივია იმის მტკიცება, რომ ზიანი მიადგა კონკრეტული პროდუქციით, მაგრამ იმის მტკიცება, რომ პროდუქტი მართლაც იყო წუნდებული, აღნიშნულის მტკიცება ცხადია გაუჭირდება, ვინაიდან ამ ყველაფერს ჭირდება ტექნოლოგიური განათლება, რომელიც მომხარებლის უმეტესობას არ აქვს.
ერთ-ერთ საკვანძო საკითხს ამ თემასთან დაკავშირებით წარმოადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 1015-ე მუხლი პირდაპირ უთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებზე კერძოდ:სსკ-ს 1009-ე მუხლის მიხედვით „მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონემ გაიგო ან უნდა გაეგო ზიანის, ნაკლის ანდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ“.ამავე მუხლის მიხედვით მოთხოვნა ქარწყლდება იმ მომენტიდან 10 წლის შემდეგ, როცა მწარმოებელმა ზიანის გამომწვევი პროდუქტი სარეალიზაციოდ გაიტანა.
შესაბამისად კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს (დაზარალებულს) ეზღუდება შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს პასუხისმგებლობა დაეკისროს მწარმოებელს. აქედან გამომდინარე, უმიშვნელოვანესია ვადების დაცვით მოხდეს მოთხოვნათა წარდგენა, რათა მის დაკმაყოფილებას არ შეეშალოს ხელი.
პასუხისმგებლობას წუნდებული პროდუქციიდან გამოწვეული ზიანის გამო - ყველაზე გახმაურებული საქმე უკავშირდება ,,კოკა-კოლა’’ როდესაც გერმანიაში 2001 წელს მოსარჩელემ შეიტანა სარჩელი, რომელსაც ამყარებდა იმ გარემოებებით, რომ ,,კოკა-კოლას’’ ხშირმა მიღებამ იგი გახადა მასზე დამოკიდებული. ამის შემდეგ მიირთმევდა მხოლოდ ტკბილეულს და საბოოლოოდ ამ ფაქტმა მიიყვანა დიაბეტამდე. დიაბეტის დიაგნოზს ამყარებდა ექიმის დასკვნა, რომლითაც მოსარჩელეს დასკვნის საფუძველზე ჰქონდა მე-2 კატეგორიის დიაბეტი. შესაბამისად, ,,კოკა-კოლა’’ ამ სახის დიაბეტის ერთ-ერთ მიზეზად იყო მიჩნეული.
„კოკა-კოლას“ წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მისი პროდქტი არ იყო ნაკლის მქონე. ის, რომ „კოკა-კოლა“ შაქრის შემცველია, შეიცავს კოფეინს და მომხმარებლებს დამოკიდებულს ხდის მასზე, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და საშუალო დონის ყველა მომხმარებელმა იცის ამის შესახებ და მისი დატანა ინსტრუქციაზე არ არის რელევანტური.
სამედიცინო დასკვნების საფუძველზე საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ,,კოკა-კოლა’’ შეიცავდა როგორც კონსტრუქციულ ნაკლს, ისე ინსტრუქციულს. გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. იქ, სადაც დამტკიცდა რომ არასრულყოფილი ინსტრუქციის მითითებამ გამოიწვია აღნიშნული დაავადებები, შესაბამისად წარმოიშვა ზიანის ანაზრაურების ვალდებულებაც.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისთვის, კომპლექსური და ფართო თემაა, რომელიც განსაკუთრებით დღეს, გლობალიზაციის პერიოდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. უმნიშვნელოვანესია როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს გაანალიზებული ჰქონდეთ თავიანი უფლება-მოვალეობები, რათა თავიდან იქნეს სამომავლო რისკები აცილებული. მოსახელობამ უნდა იცოდეს, რომ აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი თავი და ჯანმრთელობა, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული მიმართულებით სრულყოფილი ინფორმაციების მიწოდებით.
თორნიკე ეზიეშვილი