დღეის მდგომარეობით ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს დაუძლეველი ძალა ე.წ. ფორსმაჟორი, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ფორსმაჟორის ის ძირითადი მახასიათებლები, რომლითაც ესა თუ ის გარემოება შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების წინაპირობად.

პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების ერთ-ერთი წინაპირობა სახეზეა, თუ მხარე სახელშეკრულებო ურთიერთობაში წარმოშობილ დაბრკოლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას მოკლებულია.  პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებისათვის აუცილებელია ქვემოთხსენებული წინაპირობების კუმულაციური არსებობა – შეუძლებელი უნდა იყოს მხარის კონტროლს მიღმა არსებული დაბრკოლების როგორც თავიდან აცილება, ასევე მისი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაც. მოვალეს არ მოეთხოვება დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრა ისეთი მოქმედებით, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის რისკის შეუსაბამო, არაპროპორციული ან უკანონოა.    

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის დაუძლეველი ძალა იგივე ფორსმაჟორი. მხარეთა პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების ოდითგანვე ცნობილი გარემოებაა დაუძლეველი ძალის მოქმედება. ის იწვევს ვალდებულების შესრულების ობიექტურ შეუძლებლობას. ქართული კანონმდებლობა არ იძლევა ზუსტ დეფინიციას აღნიშნულისა და განმარტავს ისე, როგორც ეს ევროპის რიგი ქვეყნების კოდექსებშია. 

დაუძლეველი ძალის ბუნების გარშემო ცივილისტურ დოქტრინაში ძირითადად ორი მიმართულება გამოიკვეთა: პირველისთვის მთავარია ამ მოვლენის ობიექტური ხასიათი, ხოლო მეორესათვის სუბიექტური. პირველის მიხედვით დაუძლეველ ძალას წარმოადგენს: სტიქიური უბედურებები – მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ. სოციალური მოვლენები: ომი, რევოლუცია, აჯანყება, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების აქტები, როგორიცაა იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვა და სხვ. ე.ი. ისეთი მოვლენები რომლის თავიდან აცდენაც მოვალეს არ შეუძლია და რომელიც მისთვის გარეგანი ხასიათისაა. რაც შეეხება, მეორე მიმართულებას ისინი შეფასებისას ამოდიან იქიდან, თუ რამდენადაა შესაძლებელი მაქსიმალური ძალისხმევის შემთხვევაში მისი თავიდან აცილება.  

დაუძლეველი ძალისა და შემთხვევითობის ურთიერთმიმართება ასეთია - თუ შემთხვევითობა სუბიექტური გადაულახავობაა, დაუძლეველი ძალა ობიექტური გადაულახავობაა. იმისთვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა. ამიტომაც, დაუძლეველი ძალის ცნებას განსაზღვრული ფარდობითობა (პირობითობა) ახასიათებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულებისას სხვადასხვა პირობების არსებობა უდავოდ გავლენას მოახდენს დაუძლეველი ძალის გამოყენებაზე. ერთი და იგივე გარემოება ერთ შემთხვევაში შეიძლება ასეთად იქნეს მიჩნეული, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენად. ამისთვის განვიხილოთ მაგალითი: თუ გემი მოსალოდნელი შტორმის შესახებ გაფრთხილებისას ნაპირიდან საკმაოდ შორს, შუა ზღვაშია და ხომალდის მფლობელს სათანადო მანევრირების ჩასატარებლად საკმაო დრო არ გააჩნია, რათა თავი შეაფაროს უახლოეს პორტს, საქმე სწორედ დაუძლეველ ძალასთან გვექნება, მაგრამ თუ გემი მოსალოდნელი შტორმის შესახებ შეტყობინების მიღებისას ნაპირთან ახლოსაა და მისმა მფლობელმა დროულად არ მიიღო სათანადო ზომები გემის პორტში შესაყვანად, მაშინ შტორმი მისთვის დაუძლეველ ძალად არ ჩაითვლება.  ამრიგად, პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველს ქმნის მოვალის ან, საზოგადოდ, ყველა ადამიანისათვის წინასწარ გაუთვალისწინებელი, აუცდენელი და გარდაუვალი, მოვალისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური გარემოება, რომელიც შესრულების შეუძლებლობის გარეგან მიზეზად განიხილება.  

დაუძლეველ გარემოებას მიეკუთვნება ისეთი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის შესრულებას და არა დამამძიმებელს. მისი წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია. აღნიშნული მოვლენის გათვალისწინება შეუძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ საზოგადოდ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, არამედ მოვალისთვის, რომელიც ითხოვს პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას მოცემული საფუძვლით. თუკი მოვალემ ხელშეკრულების დადებისას იცოდა, რომ დადგებოდა გარემოებანი, რომლებიც ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას გამოიწვევდა, ასეთ შემთხვევაში ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ამის გამო ფრანგული სასამართლო პრაქტიკა რიგ შემთხვევებში თვით დამდგარ გარემოებასაც კი არ თვლის ფორსმაჟორულ გარემოებად. 

დაუძლეველი ძალა ობიექტურად აუცდენელია - ეს ნიშნავს, რომ ზიანის გამომწვევი მოვლენა თავიდან აცილებული ვერ იქნება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იმ საშუალებით, რაც მოვალისთვის ხელმისაწვდომია. გარდა იმისა, რომ ობიექტურად აუცდენელია, მოვლენა დაუძლეველ ძალად ჩაითვლება, თუ ის საგანგებო ხასიათისაა. შემოდგომის ზამთრით შეცვლა აუცდენელია, მაგრამ ამაში არაფერია საგანგებო და ამიტომ არ წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, მაგრამ მოულოდნელი ყინვები გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება დაუძლეველ ძალად მივიჩნიოთ. დაუძლეველი ძალა ვალდებულების შესრულების ხელისშემშლელი გარემოება არის არა მხოლოდ მისთვის შინაგანად დამახასიათებელი თვისებების გამო, არამედ მთელი რიგი კონკრეტული პირობების გამო.  

ამრიგად, დაუძლეველი ძალა გარკვეული თვისებებით ხასიათდება, კერძოდ: 1. მისი წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია; 2. ის არის აუცდენელი გარემოება – მოვალეს არ ძალუძს თავისი მოქმედებით ხელი შეუშალოს მის დადგომას, როგორც არ უნდა მოინდომოს; 3. მოვალის ნებაზე დამოკიდებული კი არა, არამედ მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებაა; 4. მოვალისთვის დაუძლეველ ძალად მიჩნეული მოვლენა წარმოადგენს გაუთვალისწინებელსა და გარდაუვალ გარემოებას. 

მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირს ანუ მოვალეს ფორსმაჟორის დროს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, როდესაც მიუხედავად დაუძლეველი ძალის არსებობისა მაინც დაეკისროს პასუხისმგებლობა მხარეს. სსკ-ის 999-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოვალეობა “არ გამოიყენება როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს”.

ასევე მნიშვნელოვანი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 831-ე მუხლი, რომლის მიხედვით: “მზღვეველი ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისათვის მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, თუ ეს გათვალისწინებულია სპეციალური შეთანხმებით”. სადაზღვევო სფეროში თუ მხარეები მორიგდნენ აღნიშნულზე ეს არ ეწინააღმდეგება კანონს და შეუძლიათ თავისუფლად გააკეთონ ეს დათქმა ხელშეკრულებაში. 

მოცემული ნორმა არის სავსებით სამართლიანი და არ იზღუდება არცერთი მხარის უფლებები. ეს ნორმა არის დისპოზოციური ხასიათის და მხარებს თავად ანიჭებს შესაძლებლობას თავიანთი სურვილისამებრ დაარეგულირონ აღნიშნული საკითხი. მზღვეველი კარგად გააზრების შემდეგ თუ დაეთანხმება ამ დათქმას ეს მისი ნებაა, ის არ არის შებოჭილი ამ ნორმის იმპერატიულობით, შესაბამისად მისი გადასაწყვეტია დაეკისროს თუ არა მომავალში დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობა, მაგრამ, ეს ნორმა არ არის პრაქტიკაში აქტიურად გამოყენებადი, რადგან დამატებით ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას არავინ არ აიღებს თავის თავზე საკუთარი სურვილით, როდესაც კანონი არ ავალდებულებს. 

დაუძლეველი ძალის განსაზღვრებაში მოისაზრება გამოუვალი და დაუძლეველი გარემოებები რომლებიც შეუძლებელს ხდის შეთანხმების შესრულებას. მათ მიეკუთვნება ბუნების დამანგრეველი ძალა (წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ.) ასევე გარკვეული საზოგადოებრივი მოვლენები ( საომარი მოქმედებები, გაფიცვა და ა.შ.). დაუძლეველი ძალის არამარტო წინასწარ განჭვრეტა არის შეუძლებელი, არამედ შეუძლებელია მისი თავიდან აცილება, შეჩერება ისეთ დროსაც როდესაც წინასწარ შეიძლება სავარაუდო ყოფილიყო. დაუძლეველი ძალა პასუხისმგებლობას გამორიცხვას მაშინ როდესაც არსებობს მიზეზობრივი კავშირი დაუძლეველ ძალსა და ვალდებულების შეუსრულებლობასთან. დაუძლეველ ძალას არ მიეკუთვნება მაგალითად ისეთი ქმედებები მოვალის მხრიდან, როგორიცაა საქონლის არ არსებობის გამო ან კიდევ უსახსრობის გამო ვალდებულების შეუსრულებლობა.  

საერთაშორისო კომერციულ ბრუნვაში ფართოდ გამოიყენება ფორსმაჟორული დათქმები, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულების მონაწილეები თვით ხელშეკრულებაში უთითებენ იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც იწვევს მათი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას. საქართველოს პრაქტიკას თუ გადავხედავთ ძირითადად ზოგადი მითითებებით კმაყოფილდებიან. კომერციულ პრაქტიკაში უფრო მიღებულად ითვლება ხელშეკრულებაში ამ გარემოებათა ცალკეული სახეების ჩამოთვლა. მაგრამ რამდენად პრაქტიკულია ესე დეტალურად ჩამონათვალი, რადგან ის რაც დღეს ასეთ გარემოებად ითვლება, შეიძლება ხვალ აღარ იყოს ასეთი, ან კიდევ, შეიძლება, რომ ბრუნვის მონაწილეები აღმოჩნდნენ სრულიად ახალი გარემოების წინაშე.  საერთაშორისო ნასყიდობის ურთიერთობებში ყველაზე რეალურად გამოიყურება შემდეგი სახის ფორსმაჟორული გარემოებანი: გაფიცვები, ლოკაუტი, შრომითი კონფლიქტები, შრომის არანორმალური პირობები, მანქანებისა და მოწყობილობათა მწყობრიდან გამოსვლა, მთავრობის ღონისძიებანი და შეზღუდვები, ან ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომელიც გამყიდველის კონტროლს გარეთაა. საერთაშორისო სავაჭრო პალატამ შეიმუშავა ფორსმაჟორული გარემოებათა დეტალური ჩამონათვალი, კერძოდ: გამოცხადებული და გამოუცხადებელი ომი, მათ შორის – სამოქალაქო ომი, უწესრიგობანი, რევოლუციები, საბოტაჟი; სტიქიური უბედურებანი, როგორიცაა ქარიშხალი, ციკლონი, მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობა. აფეთქებანი, ხანძარი, მანქანებისა და მოწყობილობების ან სხვა ნებისმიერი დანადგარის მწყობრიდან გამოსვლა; ბოიკოტი, გაფიცვა, ფაბრიკებისა და სათავსოების ოკუპირება და სამუშაოს შეჩერება იმ მხარის საწარმოში, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების პრეტენზია; ხელისუფლების კანონიერი თუ უკანონო მოქმედებანი ცალკეული გამონაკლისების გარდა. ამ ნუსხიდან ზოგიერთი წარმოადგენს არა ფორსმაჟორულ გარემოებას, არამედ დამაბრკოლებელ გარემოებებს  აღნიშნული საკითხი კი სასამართლოს შესაფასებელია თუ რა გარემოებას მიიღებს როგორც ფორსმაჟორს და რა გარემოებას, როგორც დამაბრკოლებელ გარემოებად.

საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა როგორ განმარტავს ფორსმაჟორს და როგორი პრაქტიკა გააჩნია ამ კუთხით. ხელშეკრულების დადების მომენტიდან მის შესრულებამდე რიგი მოვლენები შეიძლება განვითარდეს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ვალდებულების შესრულებას. ეს პერიოდი დადებიდან – შესრულებამდე შესაძლოა იყოს ხანმოკლე ან ხანგრძლივი. თვით ხელშეკრულება არის ვადიანი, რაც შეიძლება ითხოვდეს დიდ დროს შესრულებამდე ან მომენტალურ შესრულებას. მაგრამ, მომენტალური შესრულების შემთხვევაშიც შესაძლებელია გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომა, მაგალითად: როდესაც ნახატი გაიყიდა, მისი ექსპორტი ქვეყნიდან აიკრძალა. გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების დროს არსებობდა შესაძლებელია რადიკალურად შეიცვალოს თუკი მათი შესრულება შეუძლებელი ხდება, მაგ: გაფიცვა, ეკონომიკური კრიზისი, ემბარგო ან მონეტარული (ინფლაცია) შეფერხება. ჩვენს საზოგადოებაში ეს შემთხვევები ხშირია. თუ შესრულების შეუძლებლობა მოვალის პასუხისმგებლობაზეა, კრედიტორს აქვს მექანიზმები მოთხოვნის წამოყენების ამ დროს, რასაკვირველია, თუ ჯერ კიდევ შესაძლებელია შესრულება. ზოგჯერ მხარეებმა შესაძლებელია გაითვალისწინონ მსგავსი შემთხვევები და განსაზღვრონ მარეგულირებელი ნორმები ხელშეკრულებაში, მაგ: ქირავნობის ხელშეკრულებაში ვალუტის ცვლის საკითხი. თუკი შესრულება იზღუდება ისეთი მიზეზით, რაც მხარეთა ნებაზე არ არის დამოკიდებული და გარე ფაქტორია ეს არის – ფორსმაჟორი. შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყოს, რომ გაუთვალისწინებელი ფაქტები არ ხდის ვალდებულების შესრულებას შეუძლებელს და მოვალე მაინც ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლებელია მოჰყვეს მისი დაზარალება. ეს ეკონომიკური კუთხით, ხოლო იურიდიული კუთხით მნიშვნელოვანია შემდეგი შეკითხვა - ვინ იღებს რისკს ამ ცვლილებებისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო რთულია, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ხელშეკრულებასთან, რომლითაც ხდება ქონების გადაცემა. თუმცა რისკის მხოლოდ ერთი მხარისთვის დაკისრებით თანაბარ უფლებაუნარიანობის პრინციპს ვარღვევთ.

ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა არ იწვევს პასუხისმგებლობას თუკი ის დაამტკიცებს, რომ ეს დაბრკოლება მის კონტროლს გარეთ ხდებოდა და ამის გათვალისწინება ხელშეკრულების დადებისას მას არ შეეძლო, ან თავიდან აცილება ამ დაბრკოლებისა ან მისი შედეგისა. თუ ეს დაბრკოლება ხანმოკლეა (დროებითია) შედეგი ამ ხანმოკლე პერიოდზე ვრცელდება. თუმცა თუ შესრულება ფუნდამენტურია კრედიტორს შეუძლია მკაცრი მოთხოვნის წამოყენება. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებას, ვალდებულია შეატყობინოს ეს მეორე მხარეს დროულად, სანამ მეორე მხარე თვითონ გაიგებს. მეორე მხარის მიერ ამ შეტყობინების არ მიღების ან რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში მეორე მხარე პასუხისმგებელია ამით გამოწვეული ზიანზე. როგორ შეიძლება განისაზღვროს წინასწარ “შესრულების შეუძლებლობა”? ამაზე პასუხი სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა აქვთ.  

საფრანგეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია: ან ყველაფერი ან არაფერი. ანუ არის ან მთლიანი შესრულების შეუძლებლობა და მოვალე არის განთავისუფლებული, ან მან უნდა შეასრულოს ხელშეკრულება რაც არ უნდა შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. 

სამართლის განვითარებისას სასამართლოებმა შემოიღეს თეორია ფორსმაჟორის შესახებ და ის საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის ორ პატარა მუხლში გაწერეს, კერძოდ, 1147-ე მუხლი რომლის მიხედვით: მოვალე ვალდებულია გადაიხადოს ზიანისთვის, როდესაც მან არ შეასრულა ვალდებულება ან როდესაც გვიან შეასრულა ვალდებულება, ყველა შემთხვევაში როდესაც ვერ დაამტკიცებს, რომ შეუსრულებლობა გამოწვეული იყო არა მისი მიზეზით და არ არსებობდა მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერება. ამავე კოდექსის 1148-ე მუხლით - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშვება, როდესაც ფორსმაჟორით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევით მოვალე დაბრკოლებულ იქნა რაღაც ნივთის მიტანით, ან იმის შესრულებით რაც მას ევალებოდა შეესრულებინა, ან კიდევ შეასრულა ის რაც აკრძალული იყო. 

გერმანული სამართალი უფრო მოქნილია და ფართოა ფორსმაჟორთან მიმართებაში ვიდრე საფრანგეთი. გერმანული სამართალი არ ითხოვს სავალდებულოდ “გაუთვალისწინებლობის” ელემენტს. აღნიშნული ქვეყნის სამართალის მიხედვით პირს არ უნდა მოსთხოვო იმაზე მეტის შესრულება ვიდრე ეს მის კეთილსინდისიერებასა და შესაძლებლობის ფარგლებს შეუძლია.

ზემოხსენებული სტატია ცხადყოფს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დაუძლეველი ძალა – ფორსმაჟორი, რომლის არსებობის დროსაც პირი მოკლებულია ზემოქმედების საშუალებას და არ შეუძლია არც მოვლენების და არც უარყოფითი შედეგების კონტროლი ან აღმოფხვრა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ქართული კანონმდებლობა არ იძლევა ზუსტ დეფინიციას დაუძლეველი ძალის და განმარტავს ისე, როგორც რიგი ევროპული ქვეყნები. მნიშვნელოვანია ცივილისტურ დოქტრინაში არსებული ორი მიმართულება. პირველის მიხედვით ობიექტური ხასიათია მთავარი დაუძლეველი ძალის განმარტებისთვის, ხოლო მეორე მის სუბიექტურ ხასიათზე ამახვილებს ყურადღებას. ძალიან რთულია მათი განსხვავება რადგან ერთი და იგივე გარემოება ერთ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს დაუძლეველ ძალად, ხოლო მეორე შემთხვევაში კი არა. თუმცა ოთხი დამახასიათებელი ნიშანი აუცილებლად სახეზე უნდა იყოს, კერძოდ: მისი გათვალისწინება შეუძლებელია; აუცდენელია; დამოკიდებული არ არის მხარეზე და გარდაუვალია. 

ქართულ რეალობას თუ გადავხედავთ ძირითადად ჩვენთან ზოგადი მითითებებით კმაყოფილდებიან. ერთი მხრივ, ზოგადი მითითებები იძლევა მოქმედების ფართო საზღვრებს, თუმცა რიგ კერძო ურთიერთობებში ხელშეკრულების დადებისას შეძლებისდაგვარად დეტალურად ხდება ფორსმაჟორული სიტუაციების გაწერა. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან მის შესრულებამდე შეიძლება სხვადასხვა მოვლენები განვითარდეს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ვალდებულების შესრულებას. ამ აზრის განვითარებისას, მივდივართ იმ დასკვნამდე რომ ფორსმაჟორული გარემოებების დეტალურმა გაწერამ ხელშეკრულებაში შეიძლება აზრიც კი დაკარგოს, რადგან სრულიად ჩვეულებრივია ისე შემთხვევები, როდესაც მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაწერილი ფორსმაჟორული მდგომარეობები არ დგება ხელშეკრულების შესრულების მომენტისთვის, არამედ თავს იჩენს ისეთი ფორსმაჟორული გარემოებები რომლებიც ხელშეკრულების დადებისას არც კი იქნა გათვალისწინებული.

 

ლანა პაიჭაძე Loialte Legal 

შეხვედრის ჩანიშვნა