სასაქონლო ნიშნები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ვაჭრების მიერ, რათა პროდუქცია ერთმანეთისგან განესხვავებინათ. დღევანდელ რეალობაში, სასაქონლო ნიშნების მნიშვნელობამ ბევრად იმატა ბაზარზე ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების გამოჩენასთან ერთად. სასაქონლო ნიშანი, ერთი მხრივ, საწარმოს საშუალებას აძლევს კონკრეტული ნიშნის მეშვეობით დაიმკვიდროს ადგილი ბაზარზე, მიიპყროს მომხმარებელთა ყურადღება და მოახდინოს საკუთარი პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური მყიდველისათვის შესაძლებელს ხდის გააკეთოს გააზრებული არჩევანი სხვადასხვა საქონელის ანალოგიურისაგან განსხვავების გზით. იგი, ასევე ეხმარება საწარმოებს, ამოიცნონ საკუთარი საქონელი მაშინ, როდესაც ის მესამე პირთა, საქონლით მოვაჭრეთა განკარგულებაშია.
დღესდღეობით, როდესაც მომხმარებელს კონკრეტული პროდუქციის შეძენა სურს, საწარმოთა სიმრავლიდან გამომდინარე, ის არა არის შეზღუდული არჩევანში. თუმცა, როდესაც კონკურენტი საწარმოები ერთიდაიმავე კატეგორიის საქონელს სთვაზობენ მომხმარებელს, ხშირად მსგავს საქონელს არ გააჩნია შესამჩნევად განმასხვავებელი ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავდებიან ხარისხით, ფასითა და სხვა მახასიათებლებით. სწორედ მსგავს დროს, მომხმარებლისათვის ორიენტირს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი, რომელიც განასხვავებს ხარისხიან საქონელს სხვა ანალოგიური საქონლისაგან. ხსენებულიდან გამომდინარე, სწორად შერჩეულ სასაქონლო ნიშანს და მასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად ცოდნას არსებითი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საწარმოსათვის.
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმადაც, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს/მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისგან/მომსახურებისგან.
აღნიშნული კანონი ეხება არა მხოლოდ სასაქონლო, არამედ მომსახურების ნიშნებსაც. კერძოდ, მომსახურების ნიშნების მიმართ მოქმედებს "mutatis mutandis" პრინციპი. მოცემული პრინციპის მიხედვით, სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ დებულებები გამოიყენება მომსახურების ნიშნების მიმართც.
კანონი იძლევა ფართო ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. კერძოდ, ესენია: სიტყვა ან სიტყვები, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის, ვინაიდან სასაქონლო ნიშნის არსიდან გამომდინარე ნებისმიერი აღნიშვნა, რომლის მიზანიც საქონლის ერთმანეთისგან განსხვავებაა, შეიძლება იყოს სასაქონლო ნიშანი.
სასაქონლო ნიშანი დაცული რომ იყოს, აუცილებელია მისი რეგისტრაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში (შემდგომში „საქპატენტი“). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს და მისი ათვლა იწყება საქპატენტში კონკრეტული ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. საყურადღებოა, რომ არსებული ვადა ერთჯერად ხასიათს არ ატარებს და ნიშნის მფლობელს შეუძლია იგი გააგრძელოს ყოველი მომდევნო 10 წლით, ჯერადობის შეუზღუდავად, თუ გადახდილი იქნება ვადის გაგრძელებისათვის დაწესებული საფასური.
კანონი ასევე იცნობს საყოველთაოდ აღიარებულ სასაქონლო ნიშნებს, რომელთა დაცვისათვის საქპატენტში შესაბამისი ნიშნის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით მოქმედებს ტერიტორიულობის პრინციპი. ამ უკანასკნელის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც იგი დარეგისტრირდა. სასაქონლო ნიშნის მფლობელს შესაძლებლობა აქვს საკუთარი ნიშანი დაარეგისტრიროს რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზეც საკუთარი სურვილისამებრ.
სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რეგისტრაციის მომენტიდან მოიპოვებს განსაკუთრებულ უფლებას (განსაკუთრებული უფლების მქონე პირი), აუკრძალოს მესამე პირებს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენონ ისეთი ნიშანი, რომელიც დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსი ან/და იდენტურია, ხოლო საქონელი იდენტური ან/და იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის შესაძლებლობა. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს ასევე წარმოეშობა ექსკლუზიური უფლება გამოიყენოს საკუთარი სასაქონლო ნიშანი შესაბამისი პროდუქციის მიმართ ან/და გასცეს იგი ლიცენზიის საშუალებით მესამე პირზე.
უფლება სასაქონლო ნიშანზე ირღვევა, თუ მსგავსი ნიშნის გამოყენების შედეგად იდენტურ ან მსგავს საქონელზე არსებობს შეცდომაში შეყვანის რისკი ან ალბათობა. ამ დროს მოწმდება, არის თუ არა ნიშნები აღრევამდე მსგავსი. არ არის აუცილებელი საქმე გვქონდეს დამრღვევის მხრიდან აღრევის განზრახვასთან ან ფაქტობრივ აღრევასთან, არამედ მომავალში თვით აღრევის შესაძლებლობის არსებობაც საკმარისია.
ნიშნებს შორის მსგავსება დგინდება სამი კრიტერიუმის მიხედვით: კონცეპტუალური, ვიზუალური და ფონეტიკური მსგავსების დადგენით. კერძოდ, ხდება მათი შედარება როგორც ჟღერადობაში, ისე გამოსახულებასა და შინაარსში. რომელიმე ერთ კატეგორაში მაინც მსგავსების არსებობა საკმარისია ნიშნების მსგავსების დასადასტურებლად.
მაგალითად: B2WIN vs. BETWEEN (ფონეტიკური მსგავსება)
PLEDGE vs. PROMISE (კონცეპტუალური მსგავსება)
TRUCOOL vs. TURCOOL (ვიზუალური მსგავსება)
მტკიცების ტვირთის გადანაწილებას შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-401-384-2016 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, „იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ნიშნების ერთმანეთში აღრევის საშიშროება, შესამოწმებელია სწორედ ნიშნების მსგავსება. ამასთან, საკმარისია, მოსარჩელემ დაამტკიცოს აღრევის აბსტრაქტული შესაძლებლობა“. აღნიშნულის შემდგომ მტკიცების ტვირთი პოტენციურ დამრღვევზე გადადის.
პირს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ ნიშანი შესაბამისი საქონლისათვის აღწერილობითია, არაგანმასხვავებელუნარიანია, შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს, შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სასაქონლო ნიშნები, რომლებიც აღწერენ პროდუქტის ხარისხს, თვისებებს, ახასიათებენ მას არ არიან განმასხვავებელუნარიანები და მათ არ მიენიჭებათ სასაქონლო ნიშნებით დაცვა.
მაგალითად: ვაშლი კომპიუტერისთვის განმასხვავებელუნარიანია, თუმცა წვენისთვის აღწერილობითია; ნიანგი ტანსაცმლისათვის განმასხვავებელუნარიანია, როდესაც ზოოპარკისთვის აღწერილობითია.
დღევანდელობაში, ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდამ კიდევ უფრო საჭირო გახადა სასაქონლო ნიშნების განთავსება საქონელზე, რათა შესაძლებელი იყოს მათი განსხვავება სხვა, მსგავსი საქონლისაგან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია შესაბამისმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ დაირეგისტრირონ სასაქონლო ნიშანი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და ის უფლებები, რომლებიც მათ წარმოეშვებათ ნიშნის რეგისტრაციის მომენტიდან.
სტატიის ავტორი: ენრი აბულაძე