შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანებით, 2022 წლის 01 მარტიდან ამოქმედდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი. აღნიშნულ წესზე გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებაყოფლობით, ასევე სავალდებულო წესით ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე.

რა შემთხვევაში შეიძლება გადაყვანილ იქნეს პირი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე?

სავალდებულო წესით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანას ექვემდებარება:

  • პირი, თუ მისი საგადასახადო დავალიანება შეადგენს ან აღემატება 50’000 ლარს, მიუხედავად იმისა დავალიანება აღიარებულია თუ არა - ასეთ შემთხვევაში სპეციალური წესიდან გამოვა მაშინ, როდესაც მისი საგადასახადო დავალიანება ჩამოსცდება 50’000 ლარს; 
  • პირი, რომელიც ახლად რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი - მას სპეციალური წესი შეეხება სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის ვადით.

რას ნიშნავს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი?

სპეციალური წესით მოსარგებლე პირის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დღგ-ის თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, შესაძლებელია დღგ-ის თანხა გამყიდველის ნაცვლად გადაიხადოს მყიდველმა (გამყიდველის სახელით).

იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გააჩნდათ ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო დავალიანება, მოეხსნებათ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და გადავლენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე.

განსხვავებით არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსისგან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე მყოფ პირს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს დღგ-ის ჩათვლები.

შეხვედრის ჩანიშვნა