ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარე წლის საგადასახადო რისკების პროგნოზირება და შესაბამისი პრევენციული აქტივობების დაგეგმვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი ფულადი ხარჯები და შენარჩუნებულ იქნეს კეთილსინდისიერი მეწარმის სტატუსი. სწორედ მიმდინარე წლის საგადასახადო
რისკების პროგნოზირებისათვის აუცილებელია განვლილი პერიოდის რიგი მაჩვენებლების შეფასება.


ადმინისტრირების გამკაცრების მაჩვენებელი 

განვლილ პერიოდში საგადასახადო ადმინისტრირების განმახორციელებელმა ორგანომ შემოსავლების სამსახურმა, შექმნა და დახვეწა რამდენიმე კონტროლის მექანიზმი:
სიდიდის კატეგორია - დამტკიცდა შიდა ინსტრუქცია, რომლითაც დაიხვეწა გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესი. განახლებული მაჩვენებლების და ზღვრების გამოყენებით საშუალო კატეგორიაში მოხვდება ბევრად მეტი საწარმო (აიწია ზედა და დაიწი ქვედა ზღვრები), რომელთა მიმართ აქტიურად გამოიყენება საგადასახადო კონტროლის მექანიზმები (საგადასახადო აუდიტი, მარაგების მართვა, დოკუმენტების კონტროლი, მიმდინარე კონტროლის პროცედურები და ა.შ.).
შესაბამისად, 2022 წელს შემოსავლების სამსახურს გაეზრდება საგადასახადო კონტროლისთვის მოწყვლადი მეწარმეების რაოდენობა.
matsne.gov.ge
მსხვილ გადამხდელთა ადმინისტრირება - დამტკიცდა მსხვილ გადამხდელთა ადმინისტრირების ახალი მექანიზმი, რომლითაც განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მოქმედების არეალი და პროცედურები. ოფის დაევალა მსხვილ გადამხდელთა კლასიფიცირების სისწორის შეფასება, რისკის მიმოხილვა, მონიტორინგი და სერვისი. კერძოდ, რისკის მიმოხილვამ მოიცვა:
- მსხვილ გადამხდელთა შესახებ მონაცემების მუდმივ დეტალურ დამუშავება;
- მსხვილი გადამხდელისა და მესამე პირებისგან ინფორმაციის გამოთხოვა;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციის გაცემა;
- რეკომენდაციის შესრულების კონტროლი.
შესაბამისად, მსხვილ მეწარმეებს 2022 წელს ელოდებათ შემოსავლების სამსახურისგან ახალი და განსხვავებული პროცედურებით კონტროლი (2021 წლის 29 დეკემბრის N 41717 ბრძანება).

ვალიფიციურობა - დამტკიცდა დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციურობის კრიტერიუმები, ხოლო არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის შეიზღუდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის/დადასტურების უფლება.
matsne.gov.ge

ფინანსური მაჩვენებელი

 ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და ეროვნული ბანკის 2021 წლის
ანგარიშებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ორციფრიანი ინფლაციის და მერყევი (გაუფასურებული) ლარის პირობებში მკვეთრად გაიზარდა საქონლის ფასი და შესაბამისად გადასახადით დასაბეგრი ბრუნვების ბაზა, მიუხედავად ამისა კორექტირებული (შემცირებული) ბიუჯეტის შესრულება მოხერხდა 101%-ით, რაც მიღწეულ იქნა დახვეწილი (გამკაცრებული) საგადასახადო კონტროლის ფონზე.
(/www.mof.ge) (treasury.ge)

საერთაშორისო მაჩვენებელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის IMF-ის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად 2021 წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ
ნიშნულს მიაღწია და მსოფლიოში მე-16 ადგილი დაიკავა. პროგნოზების შესაბამისად გლობალურ ეკონომიკაში ინფლაციის ზრდა გაგრძელდება და სწორედ ამიტომ, 2022 წლის 10 იანვრის ანგარიშით IMF-ი აფრთხილებს განვითარებად ეკონომიკებს, რათა მოემზადონ Fed-ის პოლიტიკის გამკაცრებისთვის და უზრუნველყონ უფრო ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება. blogs.imf.org/2022)


პოლიტიკური მაჩვენებელი

განვლილი პერიოდის დაკვირვება ცხადყოფს, რომ არჩევნების წელს სახელმწიფო
ორგანოები ცდილობენ ნაკლებად შეაწუხონ ამომრჩევლები, ხოლო არჩევნების მიმდინარეობისას საგადასახადო აუდიტი და მიმდინარე კონტროლის სხვა პროცედურები საერთოდ ჩერდება, რათა არ გამოიწვიოს ამომრჩევლებში უკმაყოფილება. ვინაიდან 2024 წლის ოქტომბრამდე არ არის დაგეგმილი არჩევნები, არ იარსებებს შემაკავებელი ფაქტორი და მეწარმე უნდა ელოდოს შემოსავლების სამსახურის აქტიურობას.
(blogs.imf.org/2022)

შეჯამება და პრევენცია

შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტულია თემატური საგადასახადო შემოწმებები, რომელთა შესრულებისთვის საჭირო რესურსი გაცილებით ნაკლებია და შესაბამისად რაოდენობრივად მეტი შემოწმების ჩატარებაა შესაძლებელი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაიზრდება სხვა კონტროლის ღონისძიებების რაოდენობა, მითუმეტეს რომ ამისთვის საკანონმდებლო ბაზა მომზადებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მაღალი ალბათობით მასაც ჩაუტარდება საგადასახადო კონტროლი. გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს საგადასახადო შემოწმების ჩატარებისგან თავის დაზღვევის გზა, მაგრამ ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მიმდინარე პერიოდში საგადასახადო კონსულტანტის დახმარებით, რომელიც უშუალოდ ჩართული იქნება მიმდინარე პროცესებში და საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ხოლო, 2019 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდზე ყველაზე ოპტიმალურია დამოუკიდებელი საგადასახადო აუდიტის ჩატარება, რომლის დროსაც შემოწმდება ყველა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია და შეფასდება ოპერაციების სისწორე დეკლარაციებთან მიმართებაში, რის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არსებული ხარვეზების აღმოჩენა და რეკომენდაციების საშუალებით გასწორება.

გისურვებთ წარმატებულ წელს.

ვატო ბარბაქაძე, საგადასახადო აუდიტორი,
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“

შეხვედრის ჩანიშვნა