მედიაცია დავის მოგვარების მოქნილი და ნებაყოფლობითი მეთოდია, რომელიც მიმართულია დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებისკენ. მხარეებს ურთიერთშეთანხმების მიღწევაში ეხმარება მესამე ნეიტრალური პირი – მედიატორი.
მედიაციის პროცესი მხარეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ როგორც საკუთარი ისე ერთმანეთის ინტერესები და საჭიროებები. ის ორიენტირებულია ორივე მხარისთვის სარგებლიანი გამოსავლის ძიებისკენ. მედიაციის შედეგად შეთანხმება მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე განაცხადებს თანხმობას.
კანონმდებლობა იცნობს კერძო და სასამართლო მედიაციას. სასამართლო მედიაციის დროს სახელმწიფო მხარეებს ავალდებულებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვამდე სცადონ მორიგება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებამდე მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კატეგორიის დავების შემთხვევაში იყვნენ მხარეები ვალდებულნი, რომ სასამართლო დარბაზიდან მოლაპარაკების ოთახში გადაენაცვლათ.
2020 წლიდან სამოქალაქო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ნებაყოფლობით სასამართლო მედიაციასთან ერთად ამოქმედდა სავალდებულო სასამართლო მედიაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს საქმეში არსებული გარემოებების შეფასების შემდგომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა საქმე განსახილველად მედიატორს გადასცენ, მათ შორის, მხარეთა თანხმობის გარეშე.