საქართველოს პარლამენტს 2020 წლის მაისში წარედგინა საქართველოს ორგანული კანონი - „შრომის კოდექსის“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც არაერთ კანონით დაურეგულირებელ საკითხს შეეხება, მათ შორისაა სტაჟირების საკითხიც.

თუ აქამდე საქართველოს შრომის კოდექსის რეგულირების მიღმა რჩებოდა სტაჟიორის უფლებრივი საკითხი, ახალი კანონპროექტი განსაზღვრავს სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსის რეგულირებასა და სტაჟიორის მოქცევას შრომის კოდექსის მოქმედების სფეროში. ინიცირებული კანონპროექტის შესაბამისი რეგულაციები ხელს შეუწყობს დასაქმების სფეროში მყოფი პირების უფლებების დაცვას საწყისი ეტაპიდანვე, რაც თავიდან ააცილებს პირს მისი შრომა გამოყენებულ იქნას არაკეთილსინდისიერად.

კანონპროექტის მიხედვით სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

კანონპროექტი ხაზს უსვამს ჩვენს რეალობაში დამკვიდრებულ უსამართლო პრაქტიკას სტაჟიორების მიმართ და აწესებს, რომ დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. კანონპროექტის მიხედვით, სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს და დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა. 

კანონპროექტის თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. დამატებით განისაზღვრება, რომ ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. 

სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა ცვლილებების შესაბამისად დარეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. 

სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულების მიმართ გავრცელდება „შრომის კოდექსი“-თ გათვალისწინებული დაცვის ყველა მინიმალური სტანდარტი, გარდა კანონის VII თავით გათვალისწინებული მუხლებისა, რომელშიც მოცემულია შრომითი ანაზღაურების პირობები. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში არ ვრცელდება ინდივიდუალური დავის განხილვისა და გადაწყვეტისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 

კანონპროექტის ზემოხსენებული დანაწესების მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების თვალსაზრისით. არსებული გამოწვევების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გათვალისწინებით საქართველოს შრომის კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროპული კავშირის დირექტივით და ILO-ს კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

შეხვედრის ჩანიშვნა