ვირტუალური ზონის პირის სტატუსისა და შესაბამისი საგადასახადო შეღავათების მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობენ.

  • რა არის ვირტუალური ზონის პირი და რას საქმიანობს ის?

ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან. საინფორმაციო ტექნოლოგიები კი არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების, კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესწავლა, პროექტირება, შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და მენეჯმენტი, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.

  • როგორ ენიჭება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი?

ვირტუალური ზონის პირი გათავისუფლებულია ყოველგვარი სპეციალური რეგულირებისაგან, საჭიროა მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მიღება და არა - ლიცენზიები, ნებართვები და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.

სტატუსის მისაღებად კანდიდატი ელექტრონულად ავსებს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fas.ge) განთავსებულ განცხადების ფორმას, რომელსაც უნდა დაერთოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საინფორმაციო - ტექნოლოგიური პროექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს, ასეთ შემთხვევაში, პირს უუქმდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • როგორია სტატუსის მინიჭების ვადები?

პირს, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ენიჭება სტატუსის მინიჭებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა და სტატუსი გაიცემა უვადოდ. სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ ვირტუალური ზონის პირზე გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge).

  • რა შეღავათებით სარგებლობს ვირტუალური ზონის პირი?

სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ პუნქტის თანახმად ,,მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება)

საგადასახადო კანონმდებლობაში მოყვანილი განმარტებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალური ზონის პირებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ მათ მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება, ხოლო მიეწოდება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მაგალითისთვის: თუ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიებს მიაწოდებს ქვეყნის შიგნით, ამ შემთხვევაში მიღებული მოგების განაწილება არ დაექვემდებარება გათავისუფლებას.

  • არ იბეგრება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით
  • არ იბეგრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით

 

  • რა იწვევს მინიჭებული სტატუსის გაუქმებას?

საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აუქმებს ვირტუალური ზონის პირის სტატუსს:

  • თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით
  • ვირტუალური ზონის პირის ელექტრონული განცხადების საფუძველზე, რომელიც იგზავნება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდის (fas.ge) საშუალებით
  • თუ ვირტუალური ზონის პირს მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაუქმებულად ითვლება პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ შესაბამის ბმულებს:

  • “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ” საქართველოს კანონი №4064-რს - იხ. ბმული
  • “ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება №49 - იხ. ბმული
  • ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითება (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №33544, 29.12.2022)- იხ. ბმული
შეხვედრის ჩანიშვნა