ტურიზმი წლებია ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და დღემდე მისი მასტიმულირებელი არაერთი ღონისძიება გატარებულა, მათ შორის საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიან პრინციპებთან დაკავშირებით.

წინამდებარე სტატიაში გაეცნობით ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და ფუნქციონირების წესებთან, ვალდებულებებთან და საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ვის შეიძლება მიენიჭოს ტურისტული საწარმოს სტატუსი?

  • ტურისტული საწარმოს სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს მხოლოდ იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს*, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების ან მისი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას (გაქირავებას).
  • პირს ტურისტული საწარმოს სტატუსი ენიჭება კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ.

რა შეღავათით სარგებლობს ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიული პირი?

საშემოსავლო გადასახადი:

      • (სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის “ჯ” ქვეპუნქტი) - საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი.
      • (სსკ-ის 1332-ე მუხლის პირველი ნაწილი) - ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

მოგების გადასახადი:

      • (სსკ-ის 983-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი) - მოგების გადასახადით არ იბეგრება ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისათვის/ოპერირებისათვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა

 

დამატებული ღირებულების გადასახადი:

 

    • (სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ქ” ქვეპუნქტი) - დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირის­თვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით.
      თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი (ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება სსკ-ის 179-ე მუხლით დადგენილი წესით).
    • (სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ღ” ქვეპუნქტი) - ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის ან ამ ობიექტის ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის მესაკუთრისთვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა

რას მოიცავს ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების პროცედურა?

  • ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მიზნით დაინტერესებული იურიდიული პირი შენობის (სასტუმროს) მშენებლობის დასრულებამდე  განცხადებით (იხ. განცხადების ფორმა)** მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

შენიშვნა: სასტუმროს მშენებლობის დასრულება ნიშნავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენობის ექსპლუატაციისათვის ვარგისად აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

შენიშვნა: სერვისის ღირებულება შეადგენს 200 ლარს

განცხადება უნდა შეიცავდეს:

 

  • საწარმოს საფირმო სახელწოდებას
  • პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი)
  • საქმიანობის მოკლე აღწერას

 

განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

 

  • მშენებლობის ნებართვა/სანებართვო მოწმობა
  • მიწის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და იმ ტერიტორიის საკადასტრო რუკა, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა
  • სამშენებლო დოკუმენტის პროექტი

 

  • წარდგენილ განცხადებას განიხილავს შემოსავლების სამსახური, რომელიც ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.

რა ვალდებულებები აქვს ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირს?

  • შენობის მთლიანი ფართობის არანაკლებ 30 პროცენტისა გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად

შენიშვნა: ფართობის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად გამიზნულობა ნიშნავს, რომ დადგენილი ფართობის ოდენობა სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს სასტუმროს ნომრებად/აპარტამენტებად.

  • შენობის (სასტუმროს)  ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისათვის/ოპერირებისათვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს ამავე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვაზე ნაკლები.

ტურისტული საწარმოს მინიჭების თანმდევი შესაძლო ვალდებულებები:

ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან ერთად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა: საბანკო გარანტიის, დაზღვევის პოლისის ან ქონების (მათ შორის, მესამე პირის საკუთრებაში არსებული) გირავნობით/იპოთეკით*** დატვირთვის სახით.

  • ასეთ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია აირჩიოს უზრუნველყოფის საშუალება და წარადგინოს არა უგვიანეს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული სასტუმროს აქტივების ან მათი ნაწილის მიწოდების მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
  • წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს, ხოლო მისი ღირებულება არ უნდა იყოს დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 18 პროცენტზე ნაკლები.
  • უზრუნველყოფის საშუალებების ღირებულება შეამციროს კონკრეტული ობიექტ(ებ)იდან ჯამურად, მის მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ  დეკლარირებული და გადახდილი დღგ-ის თანხით.

*ამ წესის მიზნებისათვის სასტუმრო არის შენობა ან/და ერთიანი კომპლექსის სახით არსებული შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ. სასტუმროს მიეკუთვნება ასევე მრავალფუნქციური შენობის/კომპლექსის  ერთი ან რამდენიმე ნაწილი ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმრო ნომრების/ აპარტამენტების განთავსება თავისი ინფრასტრუქტურით.

**განცხადების შევსების ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს

***უზრუნველყოფის საშუალებად, გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად ქონების წარდგენის შემთხვევაში, ქონების ღირებულების შეფასება ხორციელდება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხებიდან ერთ-ერთი პირის მიერ. შემოსავლების სამსახურისათვის ქონების ღირებულების შეფასების შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ტურისტულ საწარმოს

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

  • “პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 23/06/2015 წ. N279 დადგენილება - ბმული
შეხვედრის ჩანიშვნა